Tuesday, December 28, 2010

რელიგიის არსი


რელიგიის თვისობრიობასა და არსზე ლაპარაკი, მის გარეგან მხარესთან შედარებით, უფრო რთულია, რადგან იგი ენით უთქმელი და გონებით ჩაუწვდომელი განცდების მთელ სპექტრს მოიცავს. სამაგალითოდ მოვიყვანოთ ასეთი შედარებები: ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ „დრო მხიარულად გავატარეთ“, ან „გულზე დარდი გვაწევს“, მაგრამ ჩვენთვის რა იგულისხმება სიტყვების - „მხიარულად“ და „დარდი“ - მიღმა? ამის გაგება სხვა ადამიანს არ შეუძლია, რადგან თითოეულის შინაგანი სამყარო ღრმაა, ინდივიდუალურია და მისი სიტყვიერად გადმოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, თითოეული რელიგია გარეგნულად ასეთია: არსებობს განსაზღვრული ორგანიზაცია (ეკლესია) თავისი დოგმატებით, კონკრეტული ზნეობრივი მოთხოვნებით, წესებით, განსხვავებული მღვდელმსახურების წესით: შინაგანად კი ეკლესია მორწმუნე ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ამდენად, განსხვავებულია ეკლესიის გარეგნული ფორმა ცალკე აღებული და მისი შინაგანი ცხოვრება. შესაბამისად, ამ სულიერი განცდების მრავალფეროვნების სიტყვიერად გადმოცემა ადამიანს, რელიგიის გარეგნული მხარეების თუნდაც კარგად მცოდნეს, არ ხელეწიფება. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლოებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც (გათქმა) არ შეიძლება; ისინი არც შეთქმულთა პირობითი პაროლებია. ეს არის გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია“. დიდმა რუსმა მოაზროვნემ, შემდგომში - ღვთისმეტყველმა, ს.ნ. ბულგაკოვმა (+1944 წ.) იგივე აზრი რელიგიის იდუმალი საიდუმლოს გამოუთქმელობაზე ასე გამოხატა: „ყველაზე ზოგადი ფორმით, რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ ასე: რელიგია არის ღმერთის აღმოჩენა და ღმერთთან კავშირის განცდა“. რელიგიური განცდები არწმუნებს ადამიანს იმაში, რომ არსებობს ღვთაებრივი სამყარო - რელიგია კი არ ცდილობს, ადამიანს დაუდასტუროს და დაუმტკიცოს ღვთაებრივი სამყაროს არსებობა, არამედ ადამიანი განიცდის ამას თვითონვე.
ჭეშმარიტად რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი დაადგა, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღვთაებრივს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. რელიგიური გამოცდილება არ არის მეცნიერული თვალსაზრისის სფერო; იგი არც ფილოსოფიური, არც ესთეტიკური, არც ეთნიკური განცდაა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს (მასზე მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი), აზრი რელიგიური განცდის მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა... წმიდანთა, წინასწარმეტყვლთა, რელიგიის ფუძემდებელთა ცხოვრება და რელიგიის თვალსაჩინო ძეგლები (დამწერლობა, კულტი, ზნე-ჩვეულებანი) თითოეულის პირად გამოცდილებასთან ერთად, რელიგიის სფეროში უფრო კარგად შეიმეცნება, ვიდრე განყენებული ფილოსოფიური მსჯელობა მასზე.
დიდი წმიდანი, ღირსი ისააკ ასური, წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, უსაზღვრო სიხარულისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, ჭვრეტის მადლის მიღებაზე, განკურნებასა და იმის წვდომაზე, რაც ადამიანზე ზეაღმატებულია (სულიერი სამყარო), რაც მისი თანასწორია (სხვა ადამიანთა სულები) და რაც მასზე მდაბალია (ბუნებრივი სამყარო), აგრეთვე სხვა უჩვეულო მადლმოსილებათა შესახებ. პავლე მოციქულმა იგივე აზრი წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით გვამცნო: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერომან მოყუარეთა თვსთა“ (1 კორ. 2,9).
მიუხედავად ამისა, მსგავსი მტკიცებულებანი „გარეგნული“ და არაფრისმთქმელი იქნება მათთვის, ვინც პირადად ერთხელაც არ შეხებია იდუმალი ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს.

No comments:

Post a Comment