Monday, March 29, 2010

ერიხ მარია რემარკი

ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი,იყო საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი მწერალი და გერმანული კულტურის ერთერთი საუკეთესო ლიტერატორი. მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებებად დღემდე ითვლება: "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "სამი მეგობარი" და "ტრიუმფალური თაღი".
ერიხ პაულ რემარკი პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა ბინას. ორი და და ერთი ძმა ჰყავდა, თუმცა ძმა ადრევე გარდაეცვალა.
1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის გამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სახალხო სკოლების მასწავლებლებს ამზადებდნენ.
1915 წელს ახალგაზრდულ წრეში "სიზმრების მანსარდა" გაწევრიანდა. იმავე წელს დაამთავრა სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელი კურსი და სამეფო სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა. 1916 წლის 21 ნოემბერს რემარკი ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი უკვე ფრონტზე გადაიყვანეს. ომის დროს რამდენიმეჯერ დაიჭრა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი დედა ანა მარია რემარკი. 1918 წელს იგი რკინის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. რემარკების ოჯახი ხაკენშტრასეს ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მისი რომანების მოქმედებები ვითარდება. 1919 წლიდან სამასწავლებლო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და მოსწავლეთა გაერთიანების მდივანი ხდება. ამავე წელს ჯარიდან დაეთხოვა და ჯილდოებზეც უარი თქვა.
სახალხო სკოლის მასწავლებლის დიპლომის მიღების შემდეგ 1920 წელს ჯერ მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ ამ საქმეს მალევე ანებებს თავს და საფლავის ქვებით სავაჭრო კომპანიაში ბუღალტრად იწყებს მუშაობას; შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და ორღანისტადაც მუშაობდა. ამ პერიოდში დაიწყო რემარკმა თავისი ჩანახატების გამოცემა ფსევდონიმით ერიხ მარია რემარკი.
1925 წლიდან რემარკი საცხოვრებლად ბერლინში გადადის, სადაც გაზეთის რედაქტორად იწყებს მუშაობას. იმავე წლის 14 ოქტომბერს ილზა ჯინ ცამბიზე იქორწინა. 1927 წელს ცოლთან ერთად კათოლიკური ეკლესიიდან გამოდის. ამავე წლის შემოდგომაზე იწყებს მუშაობას თავის პირველ რომანზე "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" (Im Western nichts Neues). რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა 1928 წელს, და მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა წიგნად.
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა რომ ის საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ხოლო სხვები კი ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ. ამ წლიდან გავრცელდა პრესაში მისი თითქოს და ებრაული წარმოშობის შესახებ ჭორები. რემარკს ჭორების არ შეშინებია და რომანზე "გზა შინისაკენ" (Der Weg Zurück) იწყებს მუშაობას.
1930 წელს რემარკი რუტ ალბუს რჩევით სურათებსა და ხელოვნების ნიმუშებს ყიდულობს. ამავე წელს იგი გაეყარა პირველ ცოლს. 1931 წელს გამოდის ნაწარმოების "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" პირველი ეკრანიზაცია. მის პრემიერაზე ბერლინში მოეწყო ნაციონალ-სოციალისტების აქცია ფილმის აკრძალვის მოთხოვნით, საბოლოოდ ფილმი გერმანიაში აიკრძალა. რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, სადაც მუშაობას დაბრუნებაზე აგრძელებს. წლის ბოლოს გაზეთში "გზა შინისაკენ" გამოქვეყნდა.
1931 წელს გერმანიაში გაიმართა ფართომასშტაბიანი ბატალიები რემარკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რემარკმა გამოსცა პუბლიკაცია "რემარკი და სინამდვილე" სადაც ასახა თავისი პოზიცია. იმავე წელს რუტ ალბუს ინიციატივით მან იყიდა შვეიცარიაში ვილა, სადაც მალევე გადასახლდა. 1932 წლიდან მან დაიწყო რომან "პატზე" მუშაობა, რომელიც შემდგომ "სამი მეგობარისსახელწოდებით გამოვიდა.
1933 წლიდან, როდესაც გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის ვილაზე შვეიცარიაში თავს აფარებენ გერმანიიდან დევნილები. ამ დროს გერმანიაში მოხდა მისი რომანის "დასავლეთის ფრონტი უცვლელიას" საჯარო დაწვა და მისი რომანების ამოღება. 1935 წელს მას მოსთხოვეს გერმანიაში დაბრუნება, რაზეც რემარკმა უარი განაცხადა. იგი ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა პარიზში, სადაც მონაწილეობა მიიღო დევნილ მწერალთა კონფერენციაში.
1936 წელს პირველად გამოვიდა რომანი "სამი მეგობარი" დანიურ ენაზე კოპენჰაგენში1937 წელს მოხდა "გზა შინისაკენ" ეკრანიზაციაც. ამავე წელს რემარკმა და მისმა პირველმა ცოლმა მიიღესპანამის რესპუბლიკის პასპორტი. ამავე დროს რემარკსა და მარლენ დიტრიხს შორის დაიწყო რომანი.
1938 წელს რემარკი და მისი პირველი ცოლი ხელმეორედ დაქორწინდნენ, მიუხედავად ამისა მისი რომანები მარლენ დიტრიხთან და რუტ ალბუსთან გრძელდებოდა. იმავე წელს მან დაიწყო მუშაობა რომანებზე "შეიყვარე მოყვასი შენი" და "ტრიუმფალური თაღი". "სამი მეგობარის პირველი ეკრანიზაცია გამოვიდა პარიზში. გერმანიის მთავრობამ კი ცოლ-ქმარ რემარკებს მოქალაქეობა ჩამოართვა.
1939 წელს როდესაც ევროპა ომის ალში გაეხვა რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, სადაც პირველად გამოიცა მისი "შეიყვარე მოყვასი შენი" ინგლისურ ენაზე, რომანის ეკრანიზაცია კი 1941 წელს მოხდა სახელით "ასე სრულდება ჩვენი ღამე". 1942 წელს რემარკი აშშ-ში აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწევა, იგი ასევე ყველაფრით ცდილობს გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას. 1943 წელს რემარკი იტყობს რომ მისი და ელფრიდა გერმანიაში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ წელს იგი აქტიურად მუშაობს ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებთან გერმანიაში ნაციზმის დაცემის შემდეგ ჩასატარებელ აღმზრდებობით სამუშაოებზე.
1945 წელს რემარკმა დაიწყო მუშაობა მორიგ რომანზე "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", იმავე წელს პირველად გამოქვეყნდა "ტრიუმფალური თაღი" ინგლისურ ენაზე. ომის შემდეგ, 1947წელს რემარკმა და მისმა მეუღლემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს. 1948 წელს მოხდა "ტრიუმფალური თაღის" ეკრანიზაცია. ამავე წელს იგი პირველად დაბრუნდა ევროპაში ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ.
შემდეგი წლები დატვირთული იყო მოგზაურობებით და ახალ რომანებზე მუშაობით. 1952 წელს გამოვიდა მისი რომანი "სიცოცხლის ნაპერწკალი". ამ პერიოდში იგი უშედეგოდ ცდილობს გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. 1953 წელს იგი პირველად ომის შემდეგ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში, სადაც და და მამა მოინახულა. 1954 წელს გამოვიდა რომანი "ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა". ამ დროს იგი იწყებს მუშაობას რომანზე "შავი ობელისკი".
1958 წელს რემარკმა და პოლეტ გოდარდმა იქორწინეს. ნანატრი მოქალაქეობა რემარკს მხოლოდ გარდაცვალების წელს მისცეს. 1970 წელს რემარკი აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.

Monday, March 8, 2010

ონორე დე ბალზაკი - გობსეკი

მადლიერება ის ვალია, რომელსაც შვილები ყოველთვის არ თვლიან თავისთვის სავალდებულოდ.


 ისე ჩუმად და უხმაუროდ ცხოვრობდა, როგორც ქვიშის ნაკადი ჩადის ძველებურ ქვიშის საათში.


 თუ ადამიანობა, ადამიანთა შორის ურთიერთობა თავისებურ რელიგიად შეიძლება მივიჩნიოთ, მაშინ გობსეკი შეიძლებოდა ათეისტად ჩაეთვალათ.


 -თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ისაა პოეტი, ვინც ლექსებს ბეჭდავს?


 ამქვეყნად მუდმივი არაფერია, ყველაფერი მხოლოდ პირობითია და ჰავის მიხედვით იცვლება. იმისათვის, ვინც იძულებული ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ორომტრიალში გადაეშვას, რწმენა და ზნეობრივი წესები ფუჭი სიტყვებია. გვრჩება მხოლოდ ერთადერთი გრძნობა, რომელიც ბუნებამ ჩაგვინერგა: თავდაცვის ინსტინქტი.


 ოქრო შეიცავს ადამიანთა მთელ ძალას.


 დიდების მოყვარულობა მხოლოდ ოქროს ნიაღვრებით კმაყოფილდება.


 რაშია ბედნიერება? ან ძლიერ გრძნობებში, რომლებიც ცხოვრებას ანადგურებს, ან წესიერ საქმიანობაში, რომელიც ცხოვრებას თანაბარზომიერად მოქმედ ინგლისურ მექანიზმად აქცევს.


 არისტოკრატსა და მის მაიმუნივით მიმბაძველს ეშინიათ ტალახში სიარულით ფეხი არ დაისვარონ და თავით ფეხებამდე წუმპეში კი ამოევლებიან ხოლმე.


 თუ კეთილისყოფა კეთილისმყოფელს არ ავნებს, იგი კლავს დავალებულ ადამიანს.


 მას, ვინც ფულის ქისას ხსნის და კრავს, არაფერზე უარს არ ეუბნებიან.


 ძალაუფლება და სიამოვნება - განა ეს არის მთელი თქვენი სოციალური წესწყობილების დედააზრი?
 ცხოვრება ხომ მანქანაა, რომელსაც ფული ამოძრავებს. იცოდეთ მიზეზები და შედეგები ყოველთვის ერთმანეთში ირევა: ვერასდროს შეძლებთ დააშოროთ სული - გრძნობას, გონება - მატერიას.


 არაფერია ისე აუტანელი, როგორც ბედნიერი კაცი.


 სისხლი რომ დაღვარო, ის უნდა გქონდეს ჩემო პატარავ, შენ კი ძარღვებში მხოლოდ ტალახი გაქვს. 


 -ყოველივე იმის მიხედვით, რაც მე ვიცი, გობსეკი ცინიკოსთა სკოლის ფილოსოფოსია.


 სირცხვილი, სინდისის ქენჯნა და სიღარიბე არის სამი ფურია, რომელსაც ქალები, როგორც კი საზღვარს გადასცდებიან, აუცილებლად ხელში უვარდებიან.


 თუ ადამიანმა ბევრი რამ გამოსცადა, ცხოვრება გაიცნო, მას ნერვები უმაგრდება, ერთგვარ მოქნილობას იძენს, ამით საშუალება ეძლევა თავისი მგრძნობიარობა დაიმორჩილოს.


 უბედურება ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელია, უბედურება ასწავლის ფულის, კაცებისა და ქალების ფასს.

Friday, March 5, 2010

მენატრები...

თუ ძველი გროშივით გაცვდა სიყვარული, გაცვდა მონატრებაც,

იქნებ უსასრულო ჩემმა საუბარმა თავიც მოგაბეზრა,

თუკი შენს ოცნებას ფერი გავუხუნე, მე განმსაჯოს ღმერთმა,

ოღონდ ნუ მეტყვი რომ მთელი 3 წელი,

მხოლოდ დრომ იმეფა!

ოღონდ ნუ მეტყვი რომ ჩემმა ბავშურობამ სული დაგიღალა,

ოღონდ ნუ მეტყვი რომ ერთმა უბიწო და გულუბრყვილო ქალმა,

სატკივარი შენი, ვერ გაითავისა,

გული დაგიმალა....

ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ,

მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე,

ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ,

და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე.

რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა,

რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ

ფასი არ დაკარგა!

მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები,

ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები

Thursday, March 4, 2010

უილიამ შექსპირი


  • სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.
  • სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.
  • გამბედაოდა ჩემი მეგობარია.
  • დაბადება მოტაცებას გავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან.
  • სიკვდილი – ეს საშინელებაა.
  • “მიეცი” შენი ფიქრები ენას.
  • ღმერთმა ერთი სახე მოგცა. შენ უნდა ეცადო მეორე შექმნა.
  • მე ერთ დროს გაღმერთებულიც ვიყავი.
  • მე ვთქვი: აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით.
  • ბევრი ისმინე, ცოტა ილაპარაკე.
  • არაფერს ელოდე არაფრისგან.
  • ნელა თქვი, თუ რა თქმა უნდა სიტყვა სიყვარულს ამბობ.
  • ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას.
  • ისინი ამბობენ: სასწაულები წარსულში დარჩა.
  • ვინც არ გამოხატავს სიყვარულს, ესე იგი მას არ უყვარს.
  • არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს.
  • აქ ბევრია ისეთი ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს.
  • გაკეთდა – ესე იგი შეუძლებელიც არ ყოფილა.
  • წარსული – ეს პროლოგია.
  • კარგით, თუ ფორტუნა იქნებოდა ქალი, მაშინ იგი საკმაოდ ახალგაზრდაც იქნებოდა ამ მექანიზმისთვის.
  • ჩვენ ვიცით რაც ვართ, მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება ვყოფილიყავით.
  • ჩვენ დროის საკითხნი ვართ, დრო კი მირბის.
  • რომ გააკეთო რაიმე დიდი და რაც მთავარია სწორი, მაშინ მოგიწევს პატარა არასწორის გაკეთებაც.
  • სიტყვები, სიტყვები, სიტყვების მთელი ტბები, მაგრამ გულისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
  • დაუფიქრებელ სიტყვებს სამოთხისკენ გზა მოჭრილი აქვთ.
  • ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.
  • როდესაც მამა ჩუქნის შვილს, ორივე იცინის. როდესაც შვილი ჩუქნის მამას, ორივე ტირის.
  • როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.
  • როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.

Wednesday, March 3, 2010

დე, იცი... გაზაფხული მოვიდა მგონი...

დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი...




p.s    დღევანდელ დღეს გილოცავ დეე.....