Saturday, August 27, 2011

სიყვარულის ნაირსახეობები


სიყვარული ძლიერი ემოციური გრძნობა, რომელიც ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მისი ფორმები და მოდელები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. John Lee-ს მიერ განიხილება სიყვარულის ექვსი სხვადასხვა მოდელი. სიყვარულის სახეები ან სიყვარულის “ფერები”- ზოგჯერ ასეც მოიხსერნიებენ: ეროსი, ლუდუსი, სთორჯი, პრაგმა, მანია, აგაპე.
ეროსი - სიყვარულის ეს მოდელი გამოირჩევა გრძნობების ქარიშხლით, მძლავრ ემოციურ განცდებზე დაფუძნებული გრძნობაა. ასე შეყვარებული ადამიანები, მძლავრად არიან ორიენტირებულები ინტუიციაზე და “ქიმიურ” სიყვარულზე, ისინი როგორც წესი აღნიშნავენ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდათ. ამ მოდელით შეყვარებულებისთვის ბედნიერების და სიამოვნების გაძლიერება გახანგრძლივებაა ქორწინება, მათ ცხოვრებაში სექსს დიდი ადგილი უკავია. ასეთი წყვილები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ მოფერებით შერქმეულ სახელებს. მაგ. “ფისო”, “ძვირფასო, საყვარელო, “თაფლო” და ა.შ. ეროსით შეპყრობილი ადამიანები, ხშირად განიხილებიან “წყალწაღებულ” რომანტიკოსებად.
მოდელის უპირატესობაა – ასეთი ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან სიყვარულში და სიყვარული მათი ბედნიერებაა. ყველაზე დიდი უარყოფითი კი არის მისი სწრაფწარმავლობა, გრძნობები როგორ მოულოდნელადაც მოდის, ისე მოულოდნელად შეიძლება გაქრეს. აგრეთვე ეს ადამიანები ხშირი მსხვერპლი და ტყვეები ხდებიან მათ მიერ შექმნილი ფანტაზიების და წარმოსახვითი სამყაროსი.
ეროსის სიყვარულის მაგალითებია ფილმები: “ცისფერი სავანე” , “ლამაზმანი” , “ტიტანიკი”, “ვარსკვლავთა ომები”, “გოგონა მარგალიტის საყურით”.
ლუდუსი –   სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “მოთამაშეები”. მათ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია რაოდენობა, ვიდრე ხარისხი. ცდილობენ გაერთონ რაც შეიძლება მეტად და რაც შეიძლება ხშირად. ისინი არჩევენ პარტნიორებს “მინდორზე.. თამაშისას” , ადვილად ივიწყებენ სიყვარულში წარუმატებლობასაც და განაგრძობენ თავგადასავალს. ქორწინებას და ოჯახს განიხილავენ, როგორც ხაფანგს და გალიას, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ არ იცავენ ერთგულებას და განაგრძობენ ჩვეულ ცხოვრებას. სექსს განიხილავენ, როგორც სპორტის სახეობას და პარტნიორს აღიქვავენ, როგორც სპორტსმენ მოწინააღმდეგეს.
მოდელის მთავარი უარყოფითი მახასიათებელიაb – ღალატი, თუმცა ლუდუსის ექსტრემალური ფორმა თითქმის არ გვხვდება, ძირითადად სხვადასხვა ინტენსივობით და ფორმებითაა წარმოდგენილი.
ლუდუსის ამსახველი ფილმების მაგალითებია: “სახიფათო კავშირები”, “სასტიკი თამაშები”.
სტორჯი –  ასეთი შეყვარებულები პირველ რიგში არიან მეგობრები, მათი ურთიერთობა მეგობრობით იწყება და დროთა განმავლობაში საფეხურეობრივად სცილდება მას. შეყვარებულები ხშირად ურთიერთობას დაშორების მერეც აგრძელებენ მეგობრობით. პარტნიორებს ირჩევენ მსგავსების წესით და მათ ურთიერთობებში ძნელი დასანახია, ის პრინციპული მომენტი, როცა შეიძლება მეგობრობა გადაიზარდოს სიყვარულში, ეს ხდება შეუმჩნევლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ისინი ერთმანეთის წინაშე გრძნობენ ძლიერ ვალდებულებებს ამის დაკანონებად კი იქცევა შემდგომში ოჯახი და შვილები. სექსს მცირე ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში, სიყვარულის სხვა მოდელებთან შედარებით.
სთორჯის დადებითი მხარე – პარტნიორის მიმართ პატივისცემა, ერთგულება და გამგებიანობა, ახლო ინტიმური(სულიერი ) ურთიერთბა.
უარყოფითი – სექსუალური ინერტულობა და ვნების არარსებობა.
სთორჯის მაგალითებია ფილმებში: “სიყვარული და კალათბურთი” , “ზაკი და მირი იღებენ პორნოს”.
პრაგმა –   შეყვარებულებს აქვთ პრაგმატული და რეალური შეხედულებები და მოლოდინი პარტნიორისგან. პარტნიორს არჩევენ შედარებითად. განიხილევენ და ირჩევენ შესაძლო კანდიდატებს შორის საუკეთესოს. ამ მოდელის დროს იშვიათია ღალატი, შესაბამისად მისი მომდევნო უარყოფითი შედეგები, შეყვარებულები კარგად წონიან რისი გაკეთების შემთხვევაში რას მიიღებენ პასუხად. “პრაგმატები” – სექსს განიხილავენ ნაყოფის მისაღებად აუცილებელ მოლენას, ხოლო ქორწინებას და შვილებს, ზედმეტ პასუხისმგებლობებად და ზედმეტ ვალდებულებებად.
უპირატესობა ამ მოდელისა არის, პრაქტიკულობა და რეალიზმი, ხოლო ნაკლოვანებას წარმოადგენს, ემოციების სიმცირე, ვნების არ არსებობა, და არადემონსტრაციულობა, ნაკლებ გამოხატვა სიყვარულის. ამ ტიპის ურთიერთობის უარყოფითად განხილვა არ არის სწორი, რადგან გარკვეულ კულტურებში ასეთი სტილის ოჯახები ძალიან მიღებული და ჩვეულებრივი მოვლენაა.
პრაგმატის მაგალითს ფილმებში წარმოადგენს: “ჩვეულებრივი ადამიანები” და “სიამაყე და ცრურწმენა”.
მანია –  ასეთი სტილის ადამიანებს როგორც წესი აქვთ დაბალი თვითშეფასება. მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ურთიერთობას პარტნიორთან, განიხილავენ პარტნიორს როგორც საჭიროებას. მანიაკური ადამიანები ხშირად არჩევენ პარტნიორს შემთხვევითობის პრინციპით. ისინი ხშირად არიან ეჭვიანები. ქორწინებას განიხილავენ, პარტნიორის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ბავშვებს მოცილეებად მიიჩნევენ მეორე ნახევრის სიყვარულში. სექსი მათთვის სიყვარულში დარწმუნების კიდევ ერთი საშუალებაა.
მანიის დადებითი მხარეა ძლიერი გრძნობა, რომელიც გააჩნიათ პარტნიორის მიმართ.უარყოფითი: არასტაბილურობა, ეჭვიანობა, აკვიატებული იდეები.
მანიის ამსახველი ფილმებია: “წევრები”, “საბედისწერო ლტოლვა”, “ფანატი”, “ტაქსი”
აგაპე –  ამ მოდელში, შეყვარებულს თავი აქვს გადადებული პარტნიორისთვის, ეს ერთგვარი მსხვერპლთშეწირვაა, ყველაფერს აკეთებს მისი სიამოვნებისთვის და სიხარულითვის. აგაპეს მოდელში მოქცეული ხალხი ხშირად რელიგიური ადამიანები არიან. მათთვის უცხოა ღალატი, რათა აიცილონ თავიდან საყვარელი ადამიანის გულისტკენა, არიან ძალიან მომთმენები და მშვიდები სიყვარულის ობიექტის მიმართ. ქორწინების და ბავშვების მნიშვნელობა მათთვის უზენაესი რწმენის დონეზეა, ხოლო სექსი მიაჩნიათ ღვთისგანბოძებულ საჩუქრად ორ ადამიანს შორის. მათი სიყვარული ხშირად ალტრუისტულია და უპირობო. საკუთარ თავს და ინტერესებს სწირავენ, საყვარელი ადამიანის კეთილდღეობას.
ამ მოდელის ძირითადი დადებითი არის მოთმინება და ზრუნვა პარტნიორზე, ხოლო უარყოფითი არასრულფასოვნების განცდა.
ფილმები აგაპეზე: “საჩუქარი მეგისთვის”, “ოდისეა”. “ტიტანიკი”,” ო.ჰენრი”, “მისია”, “ველური გული”, “ფორესტ გამპი”, “ბიბლია”.





Wednesday, August 24, 2011

დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები


1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.
2. როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.
3. პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.
4. გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.
5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.
6. არ მისცე უმნიშვნელო ცყენას უპლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.
7. როდესაც ხვდები რომ შეცდომა დაუშვი, ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე. სასქრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასცორებლად.
8. ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.
9. გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.
10. ყოველთვის გახსოვდეს, დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.
11. იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები, გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე და აღმოაჩინე, კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო მისით.
12. როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს, განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.
13. სასიყვარულო ატმოსფერო, ოჯახური ბედნიერების საწინდარია.
14. გაუზიარე ცოდნა სხვებს. ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისკენ.
15. იყავი მადლიერი.
16. წელიწაში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.
17. განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით : ‘რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?’
18. გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის “საჭიროება”.

Tuesday, August 23, 2011

რიუნოსკე აკუტაგავა -"ცხოვრება იდიოტისა"

ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს…

ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთსო?

წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ვან-გოგის სურათების თვალიერებისას იგი უცებ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მხატვრობა. რა თქმა უნდა, ეს რეპროდუქციები იყო, მაგრამ რეპროდუქციებშივ იგრძნობოდა ბუნების სიცინცხალე. 

- ბოლო ხანს გვამები აღარა გვყოფნის, - თქვა მეგობარმა. 
ამის პასუხად მან უნებლიეთ გაიფიქრა: “გვამები რომ შემოკლებოდა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ჩავიდენდი მკვლელობას”...

მან სულ ერთი წამით განიცადა პეპლის ფრთების შეხება გამომშრალ ტუჩებზე, მაგრამ შემორჩენილი ნაზი მტვერი ფრთებისა, მრავალი წლის შემდეგაც განუზომელ სიხარულს ანიჭებდა. 

მოულოდნელად შეეჩეხა სასტუროს კიბეზე ქალს, დღისითაც კი, სახე მთვარით განათებულს უგავდა.

მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი,მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა. 

მან თავის თავშიც აღმოაჩინა სული, რომლის არსებობა მანამდე არ იცოდა. 

სახე ახლაც კი, დღისითაც, მთვარით განათებულს უგავდა.

იგი იყნოსავდა ჩვილის სუნს, თაგვისას რომ ჰგავდა და უნებლიეთ მწარე ფიქრები ეძალებოდა: 
“რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა მამად ჩემისთანა კაცი?”. ეს იყო პირველი ბიჭი, მისმა ცოლმა რომ შვა. 

ქალის სახე კვლავინდებურად მთვარით განათებულს ჰგავდა. თუმც, მასთან ლაპარაკი ოდნავ მოსაწყენი ეჩვენებოდა. პირქვე მწოლიარემ აუჩქარებლად გააბოლა და მოაგონდა, რომ მეშვიდე წელი იყო, რაც ამ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. 

ვერან ალაგას, ხავსში, აგურისა და კრამიტის ნამტვრევები ეყარა. და მის თვალში ეს უშნო კუთხე არაფრით განირჩეოდა სეზანის პეიზაჟისაგან. 

მას უნდოდა ისე დაძაბულად ეცხოვრა, რომ შესძლებოდა ყოველ წამს სინანულის გარეშე მომკვდარყო.

შეუმჩნევლად დაკარგოდა ცხოვრების ხალისი. - შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია. 

თვითონ ყველაზე უკეთ იცოდა ავადობის მიზეზი. ეს იყო სირცხვილი საკუთარი თავისა და შიში საძულველი საზოგადოების წინაშე! 

ერთხელ მოქუფრულ, ნაღვლიან დღეს კაფეში იჯდა, სიგარას ეწეოდა და უსმენდა მუსიკას, რომელიც გრამოფონიდან ისმოდა. მუსიკა საშინლად უფორიაქებდა სულს. დაელოდა მუსიკის დამთავრებას, მერე მივიდა გრამოფონთან და ფირფიტის ეტიკეტს დახედა. 
მოცარტი - “ჯადოსნური ფლეიტა”. 
იგი მაშინვე მიხვდა, რომ მოცარტიც წმინდა მცნებათა დამრღვევი იყო და იტანჯებოდა. თუმც, ალბათ მასავით არა...

“ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი”. 

მან დაინახა კეთილისა და ბოროტის მიღმა მშვიდად მდგარი გოეთე და იგრძნო შური, სასოწარკვეთილებასთან მომიჯნავე. პოეტი გოეთე მის თვალში ქრისტეზე მაღლა იდგა. ამ პოეტის სულში არა მარტო აკროპოლი და გოლგოთა თავსდებოდა, არამედ იქვე ხარობდა ვარდებიც არაბეთისა...

- ოცნებობთ სიკვდილზე? 
- დიახ... არა, სივდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი. 


“თუ ადამიანებს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება”.

“ღვთის ჯარისკაცები მომეახლნენ წასაყვანად”

უნებლიე შური იგრძნო შუა საუკუნეთა ადამიანების მიმართ, რომლებიც ღვთის იმედით სულდგმულობდნენ.

"Бабушкины советы"


–როგორ მივხვდე რომ შეყვარებული ვარ?
–ძალიან უბრალოდ, შენ გახსოვს როგორ გაიცანით ერთმანეთი?
–რა თქმა უნდა, მე მახსოვს არამარტო ჩვენი გაცნობა არამედ: როგორ გავუღიმეთ პირველად ერთმანეთს, როგორი იყო ჩვენი პირველი კოცნა. იცი მე ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს.. რაზე მელაპარაკებოდა.. რა ხუმრობებზე ვიცინოდით. როგორ ვემზადებოდი თითოეული პაემანისათვის და ისიც კი მახსოვს რა მეცვა ყველა მათგანზე. ეს სიყვარულია?
–არა. სიყვარული ისაა როდესაც გახსოვს რა ეცვა მას პაემნებზე. და თუ მხოლოდ შენი თავი გახსოვს ეს უბრალოდ შეყვარებულობაა. ჩააწყვე სათამაშოები ყუთში, საყვარელო.

–მითხარი როდისაა დაშორების დრო? იქნებ საუკეთესო დროა პირველივე ღამის შემდეგ? არაფრის ახსნის გარეშე. დაიტოვო მეხსიერებაში მხოლოდ მოგონებანი? თუ ბევრი ბევრი ღამის შემდეგ, როდესაც ყველაფერი თავისით, ნელ–ნელა გაქრება? გაუგებრად თუ რატომ. მშვიდი დაშორება, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე.
–ამ საკითხში ყველაფერი უბრალოდაა, უნდა წახვიდე იმდენი ღამის შემდეგ, რომლის მომდევნო დილასაც შენ არ მოგესურვება მისთვის ადრე ადგომა და საუზმის გამზადება. უბრალოდ უნდა აკოცო და ჩუმად კარი გაიხურო.

–მე ის ჯერ კიდევ მესიზმრება..
–საყვარელო, გაიხსენე წინა წლის თოვლი.
–რა შუაშია აქ შარშანდელი თოვლი? მე შენგან რჩევა მჭირდებოდა და არა ამინდზე საუბარი.
–მე შენ უკვე გირჩიე. თუ შენ კიდე განიცდი, გტკივა და ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია, შენს თავს უმეორე: „შარშანდელი თოვლი“ და მიუდექი ასე იმას რაც თქვენ შორის იყო. შეუძლებელია გახსოვდეს ზამთრის სუსხი ცხელ ზაფხულში. ის ხომ კარგა ხნის გამლღვალია. შარშანდელი ზამთარი უკვე წარსულს ჩაბარდა. ელოდე ახალს, წმინდას, პირველ თოვლს

–მე არ გავუშვებ ჩემს სიყვარულს ხელს. არ დავთმობ მას ბრძოლის გარეშე.
–საყვარელო გახსოვს საბავშვო თამაში: როდესაც წრეზე სკამებია დაწყობილი მოთამაშეებზე ერთით ცოტა. ბავშვები მის გარშემო დარბიან და მუსიკის შეჩერების შემდეგ უნდა მოასწრო და რომელიმე სკამზე დაჯდე. ამისათვის შენ ხომ იბრძვი. ნუთუ არ გგონია რომ გარშემომყოფთათვის ეს ძალიან სულელური საყურებელია. როგორ დარბის 2 სულელი 1 სკამის გარშემო და დაჯდომას ლამობს.. რათ გინდა ამის კეთება როცა გარშემო უამრავი ცარიელი სკამია? შეწყვიტე საბავშვო თამაშებით გართობა.

–რატომ მტკივა ასე ძლიერად? მე ვეჭვიანობ ყველა ქალზე. როდესაც ის არ იღებს ყურმილს, მე ეგრევე წარმოვიდგენ რომ ის სხვასთანაა. როდესაც ის იწყებს რომელიმე ქალზე საუბარს მე ვფიქრობ იყო კი მასთან. ვეჭვიანობ ყოფილ მეგობრებზე, სამსახურის თანამშრომლებზე, უეცრად შემხვედრზე. როგორ დავუსვა წერტილი ამ ტანჯვას?
–ეჭვიანობა–ეს მაცდური გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ უბრალოდ გეშინია მისი დაკარგვის. უფროსწორედ შენ კი არ გეშინია, ეს თავისთვად გეუფლება. ამიტომ თუ საბაბი არ არსებობს ეჭვიანობისათვის, მაშინ ის სისულელეა. მაგრამ თუ საბაბი არსებობს, მაშინ უკვე გვიანაა.

–ყველა კაცი ერთნაირია! საკმარისია ის მომესალმოს, მე უკვე ვიცი როგორ მოიქცევა შემდეგ. რა ანეკდოტებს მომიყვება, როგორ გაიღიმებს, როგორ წამეჩხუბება და როგორ წავა ჩემი ცხოვრებიდან.
–შენ არასწორი ხარ საყვარელო. ყველა კაცი სხვადასხვანაირია. უბრალოდ ჩვენ მოგვწონს ერთნაირი კაცები. შენ გიყვარს მორიდებული და მეოჯახე. აბა რაღას წუწუნებ რომ კვლავ ისეთი მამაკაცი შეგვხვდა ვისაც სახლიდან გასვლა არ უნდა? თუ შენ აირჩევ კაცს მეგობრული კამპანიიდან, არ უნდა გაგიკვირდეს რომ მოგიწევს მისი მეგობრებისგან გამოყოფა. თუ გიყვარს რომანტიკოსები, მთელი ცხოვრება უნდა იყო მზად არამარტო სანთლებისათვის სახლში არამედ ლექსებისა და შამპანურებისათვის, პერიოდული დეპრესიებისათვის და ცოტა ხნით გაუჩინარებისათვის როგორც ის „ცხოვრების კრიზისად“ ახსნის. თუ აირჩევ მამაკაცს, რომელთანაც შეგიძლია იყო როგორც ქვის კედელთან, არ გაგიკვირდეს როცა ვერ იპოვნი კარებს ამ კედელზე. ქალები ირჩევენ მსგავს მამაკაცებს და შემდეგ უკვირთ რომ ისინი ერთნაირები არიან.

-მე არ ვიცი როგორ ვუთხრა მას რომ არ დამტანჯოს. ის არ იმსახურებს ბანალურ ფრაზას „დავრჩეთ მეგობრებად“. ის კარგია, და მე მომიწევს სასტიკად მოვეპყრო მას. როგორ ვუთხრა რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა?
–შვილო, დაიმახსოვრე: უკანასკნელ ფრაზას რასაც ეტყვი მამაკაცს დაშორების წინ, მან უნდა მოისმინოს არა მარტო გარდაუვალი სისასტიკე, არამედ მადლიერებაც ყველაფერი იმისათვის რაც იყო. რადგან როდესაც ის შენ გაგიხსენებს, გაახსენდება თქვენი დაშორებაც. და თუ გინდა რომ შენს გახსენებაზე თვალები აუკიაფდეს, არ ახსნა ვითარება დაშორების წინ. უთხარი მხოლოდ ერთი: „მე აღარ მჭირდება შენი ყოფნა იმისათვის რომ მიყვარდე.“ (ან „ მე აღარ მესაჭიროება შენი დასწრება ჩემ შენდამი სიყვარულში“) და წადი.

-მე არ ვიცი ღირს თუ არა მისთვის ამის მოყოლა. ისეთი არაფერი ყოფილა, მაგრამ უცბად რომ შეიტყოს? არ არის საჭირო აღიარება, მაგრამ მოყოლაც არ შემიძლია. როგორ შევძლებ დავავლდებულო ის იყოს ჩემს მიმართ გულახდილი თუ მე თვითონ რაღაცას ვუმალავ?
–საყვარელო, დაიმახსოვრე უბრალო წესი: პირველი: არცერთ პირობაზე და არავითარ შემთხვევაში არ მოატყუო. მეორე: არცერთ პირობაზე და არავითარ შემთხვევაში არ უღალატო. და მესამე: თუ უკვე მოატყუე და უღალატე, არასოდეს, არცერთ შემთხვევაში არ მოუყვე მას ამის შესახებ. დაიმახსოვრე ბებო, რაც არ უნდა გინდოდეს, ბოლო წესი მოქმედებს მხოლოდ პირველი ორთან ერთად.

არ მესმის რა ხდება: უეცრად უბრალოდ, სადღაც დაიკარგა. ყველაფერი კარგად იყო,და შემდეგ ყველანაირი ახსნის გარეშე გაქრა. მე მას უკვე ვეღარ ვხედავ, ტელეფონი დუმს, შემთვევითაც არ მინახავს. იქნებ რამე მოხდა? იქნებ მე ვაწყენინე მას? იქნება ღირს დარეკვა და დალაპარაკება, ახსნის მოთხოვნა თუ რა ხდება მის თავს?
–საყვარელო, არ ღირს. დამიჯერე. შენც კი იცი რომ სწორი ვარ, უბრალოდ თავს არ უტყდები.ის არ რეკავს იმიტომ რომ არ უნდა–ეს ჩვეულებრივია.დამიჯერე, სანამ კაცი დაინტერესებულია ქალით, ის არ დაიკარგება. ის ააფეთქებს ტელეფონს, დაგიდარაჯებს სადარბაზოსთან, დაგეგმავს შემთხვევით შეხვედრებს. და არაფერი შეუშლის ხელს იყოს შენს გვერდით თუ მას ეს უნდა. და თუ ის დაიკარგა შენი ცხოვრებიდან, ან უბრალოდ გამოუჩნდა გადაუდებელი საქმე, ან ძალიან დააკავეს სამსახურში. სხვა შემთხვევაში, ნუ დაინტერესდები. და თუ არ გინდა შენს თავს მიაყენო უფრო მეტი ტანჯვა სიმართლის მოსმენით, ნუ იკითხავ. ეს შენ ისედაც ძალიან კარგად იცი.

-როგორ არ გესმის? ეს ნამდვილი სიყვარულია პირველი დანახვისთანავე ! ზუსტად ისეთი რაზედაც ოცნებობენ ადამიანები მთელი სიცოცხლის მანძლზე. რაზედაც დაწერილია უმარავი წიგნი და ლექსი. და რა მნიშვნელობა აქვს თუ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ მხოლოდ რამოდენიმე დღეა? მე უკვე ვგრძნობ რომ ეს ნამდვილია. მე უკვე სიცოცხლე არ შემიძლია მის გარეშე. როგორ არ გესმის, რომ მე ვალდებული ვარ ვიყო მასთან ერთად? წყეულიმც იყოს სახლი, სამსახური. ეს ნამდვილი სიყვარულია, ბედის საჩუქარი. ეხლა გესმის?
–ჩემო სულელო. შენ ეხლა ვერ მიხვდები რასაც გეტყვი. შენ შეიძლება არ მოგეწონოს და დამიწყო ჩხუბი და ახსნა. სამწუხაროდ, სიჭკვიანე მატულობს სილამაზესა და ახალგაზრდობის დაკარგვასთან ერთად. მაგრამ დაიმახსოვრე,საყვარელო, სიყვარული–ეს არის წლები, რომელიც გაგიტარებია მასთან. ამას მიხვდები მაშინ თუ არ დაუშვებ შეცდომებს.

-რა ვქნა? ის ჩემთვის ძვირფასია როგორც მეგობარი. როგორც ახლო, ნაცნობი ადამიანი. და არა როგორც მამაკაცი. მე ვერასოდეს შევძლებ შევიყვარო ის, ისე როგორ ვუყვარვარ მას, ვერასოდეს ვერ იქნება ის ჩემი შეყვარებული. მაგრამ როგორ ვუთხრა მას ამის შესახებ. ის ხომ ელოდება პასუხს თავის გრძნობაზე? მე არ მინდა იმ კარგი ურთიერთობის დაკარგვა, რაც ჩვენ შორისაა.
–დაიმახსოვრე, კაცები არ არიან ისეთი ძლიერები და დარწმუნებული საკუთარ თავში, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყვნენ. მათთვის უფრო მარტივია ესეთ რამეებთან შეგუება ვიდრე ჩვენთვის ქალებისათვის. უარს ნებისმიერ ფორმაში ისინი შეხვდებიან გულცივი, ჩუმი გამომეტყველებით. მათთვის იქნება მტკივნეული. და თუ შენ გინდა მას უთხრა რომ არაფერი გამოვა თქვენს შორის, დაინდე მისი თავმოყვარეობა. არ მოახვიო თავს ახნა–განმარტებები, რომ ის შენ არ გჭირდება როგორც კაცი, არამედ როგორც მხოლოდ მეგობარი. დაელაპრაკე მას მშვიდად და თბილად. არ არის მნიშვნელოვანი რამდენ სიტყვას ეტყვი, და რამდენ ხანს დაელაპარაკები. ასეთ მოპყრობაში „რატომაც არა“ ის გაიგებს: „მე იმაზე მეტ პატივს გცემ, ვიდრე ვიყო შენი შეყვარებული“. დაიმახსოვრე თუ შენ დაინდობ მის თავმოყვარეობას, ის შეინახავს თქვენს მეგობრობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

-როგორი უნდა იყოს იდეალური შეყვარებული? როგორ უნდა შენარჩუნდეს გოგოს და ბიჭის სამუდამო ურთიერთობა?
–შვილო, დაიმახსოვრე: შენ მიხვდები რომ გვერდით იდეალური მეწყვილე გყავს, მაშინ როდესაც ვეღარ შეამჩნევ გარშემო სხვებს. არ შეხედავ სხვებს სხვა თვალით, როდესაც დაფიქრდები და ვერ გაიხსენებ ვერცერთ მამაკაცის სახესა და ფიგურას მის გარდა. მაშინ კი ნამდვილად გეცოდინება რომ სხვასთან ვეღარ შეძლებ ყოფნას. მიხვდები რომ შენ იპოვნე იდეალური მეორე ნახევარი და გაათვიცნობიერებ გრძნობას „ერთგულება“.





angel.ge  :P












ერიხ მარია რემარკი – "ტრიუმფალური თაღი"

"მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა,რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება"
"ყველაზე მძიმე დროსაც უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე"
"ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა,შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს"
"სიცოცხლე იმაზე მეტია ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული"
"სიკვდილი–აი რაშია ჭეშმარიტი სიდიადე ,მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც ცოტახნით"
"ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები,მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები"
"რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე,აი რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისთვის,შემწყნარებლობა ეჭვის ქალიშვილია"
"შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება,თანაგრძნობისგან კი არა"
"დედამიწაზე ყველაფრისთვის არის ადგილი,მხოლოდ ადამიანებს არაქვთ ადგილი"
"ყოველთვის გვეჩვენება რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ როცა ყველაზე მეტად უჭირს"
"უფრო იოლია მამაკაცთან ღამე გაათიო ვიდრე სახელი დაუძახო"
"იცხოვრო–ეს ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის"
"მარტოობა ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან"
"სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად,გამოსწორება არაფრისა შეიძლება,თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით"
"ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია"
"ძალაუფლება ყველაზე უფრო გადამდები სნეულებაა დედამიწაზე"
"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს"
"რასაც დაივიწყებ ის მერე მთელ სიცოცხლეში გაკლია"
"იაფფასიანი მხოლოდ ის არის რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ"
"არაფერს არ უნდა მიეჩვიო,ქალის სხეულსაც კი"
"თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს არ იკითხო ამას რა მოჰყვება თორემ ვერაფერს გააკეთებ"
"ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება,ეს ხომ ასე უბრალო რამეა–ჟოანი"
"გიყვარს–ეს ნიშნავს მასთან ერთად დაბერება გინდა"
"ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს,მთავარი ისაა რომელი დაასწრებს"
"ისე უბედური ვიყავი მთლიანად,სავსებით,რომ ჩემი დარდი ერთი კვირის შემდეგ დაიშრირა,უბედური იყო ჩემი თმა,ტანი,ჩემი საწოლი,ჩემი კაბებიც კი,იმდენად აღსავსე ვიყავი მწუხარებით რომ ჩემთვის მთელმა ქვეყნიერებამ შეწყვიტა არსებობა,ხოლო როცა უკვე აღარაფერი არსებობს უბედურებას აღარეფერი რჩება რომ შეადარო,რჩება მარტო უბედურება,შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და ისევ გამოცოცხლდები"
"ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე"
"კარგი ხარ როგორც მამაკაცის ყველა ოცნება,როგორც მისი ყველა ოცნება და კიდევ რაზედაც არც კი უფიქრია"
"ქალი სიყვარულისგან უფრო ფხიზლდება,კაცი კი ჭკუას კარგავს"
"განა შენ ჩემი ბედნიერება არა ხარ–ბედნიერება უფესვოდ?მსუბუქი როგორც ღრუბელი და ნათელი როგორც პროჟექტორის შუქი!მოდი გაკოცო!ჯერ არასოდეს აე ყოფილა სიცოცხლე ასე ძვირფასი როგორც დღეს...როცა ასე ცოტა ღირს"
"როგორც კი ადამიანის სითბო მოსცილდება საგანი კვდება"
"ღამით დრო გაჩერებულია,მხოლოდ საათი მიდის"
"თავისუფლება უფლების მოყვარულთა მყვირალა ლოზუნგად იქცა"
"–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება როცა უკვე აღარაფერს გრძნობს
–არა,როცა უკვე აღარ უყვარს"
"ქალი ან უნდა გააღმერთო ან უნდა მიატოვო,სხვა დანარჩენი სიცრუეა"
"ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ"
"ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა რაც მიცვალებული შვებულებაში"
"არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს როგორც ყბედობა"
"აცხოვრე ქალი თუნდაც რამოდენიმე დღით ისე,როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ"
"სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს,მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები"
"ომზე ლაპარაკი–პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებაა"
"ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან,იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა"
"ვინც მოკვლით იმუქრება არასოდეს მოკლავს"

Saturday, August 20, 2011

ნუ მთხოვ გავიზარდო...!

ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია..

დამხატე..!


-დამხატე
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი
დახატე მკვეთრად ჩემი სახე
ჩემი სიცილი
-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ
ვიდრე ბავშვი ვარ
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე
კენტად დავდივარ.
-დამხატე…
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები
-დამხატე!
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები.
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები
-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან
ყანწით გილოცავს
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს…
-დამხატე, ტილოს მოუხდება
ჩემი სიცილი
დამხატე მასზე მხიარული
ვიდრე ვიცინი….

Friday, August 12, 2011

სიყვარულის კაკტუსი


– და მერე ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური სიყვარულის მცენარე – აბა თუ მიხვდებით რომელი?!
– ყაყაჩო!.
– არა, –ჩქარა ჭკნება..
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი!
– შაბლონურია…
– აბა რა?!
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე. სიყვარულის კაკტუსი– ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს…

რა არის სიყვარული?


ეს კითხვა მოულოდნელად დამებადა, ვერ ვიტყვი რომ უმიზეზოდ მაგრამ….
სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.
შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი… უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან [ტკივილიან განშორებას იწვევს] .
მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.
ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სასიყვარულო განცდების ბუნებაში და რაობაში(რატომ მოაქვს სიყვარულს ერთი ადამიანისათვის ბედნიერება, ხოლო მეორისათვის – იმედგაცრუება და მწუხარება?) და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიყვარული სხვადასხვაგვარი არსებობს. თუმცა ადამიანები მას ერთი სიტყვით – სიყვარულით მოვიხსენიებთ, მაგრამ განცდები და მდგომარეობა ამ დროს სულ სხვადასხვანაირია: ვნება, გატაცება, აღფრთოვანება, პატივისცემა და ა.შ.
ალბათ გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა დაცინვით იხსენებდით თუ როგორ სიგიჟემდე გიყვარდათ სკოლაში და გეჩვენებოდათ, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა. ასევე გაგეცინებათ თქვენს ახლანდელ სიყვარულზე 20 წლის შემდეგ. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სიყვარული პირობითად შეიძლება რამდენიმე ტიპად დავყოთ: სიყვარული–დრამა, სიყვარული–შეპყრობა, სექსუალური ვნება და სიყვარული–პატივისცემა.
პრინციპში, ყოველმა ქალმა შეიძლება განიცადოს ყველა ეს განსხვავებული გრძნობათა გამა საკუთარ გამოცდილებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა არა ყველა ერთად, არამედ ეტაპობრივად. მაგალითად, მოზარდთა სიყვარული სიყვარული–დრამის კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მისთვის დამახასიათებელია ბრმა ნდობა და თავისი სასიყვარულო ობიექტის გაღმერთება, ისევე, როგორც საკუთარი თავის. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პირველი სიყვარული – ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ სიყვარული კი არ არის, არამედ უფრო საკუთარი თავის მიმართ.
როგორც წესი, იგი ხშირად წარუმატებელია და ეს უფრო მტკივნეული ხდება. ეს ხომ თქვენი პირველი გამოცდილებაა და თუ მან იმედგაცრუება მოგიტანათ, ამან შეიძლება დიდი ხნით გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან, დაკარგოთ ნდობა ადამიანების მიმართ. ამ სიყვარულის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადატანის საშუალებაა – მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. რა თქმა უნდა გამოცდილი მეგობრის გარეშე(მაგალითად, დედის) გაგიჭირდებათ.
სიყვარულის მეორე კატეგორიაა – სიყვარული–ვნება. იგი შედარებით გვიან მოდის – 18–22 წლის ასაკში. ეს არის სურვილი, ფლობდეთ მას მთლიანად. ასეთი სიყვარული უფრო თვითდამკვიდრებისათვის არის საჭირო, ვიდრე სიამოვნებისათვის. კიდევ, ამ ასაკში ხშირად ამბობენ: ‘’მას ყავს თეთრი მერსედესი და აქვს სახლი საზღვარგარეთ’’, ანუ პირველ რიგში ფასდება ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ შეცდომა იმაშია, რომ ამ ასაკში იშვიათად მიუგდებენ ხოლმე ყურს შეგრძნებებს. უბრალოდ ეძებენ კონკრეტულ ადამიანს და მეტი არაფერი. თქვენ კი შეეკითხეთ საკუთარ თავს, რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ: სიყვარულს, თუ უბრალოდ ეს ის ადამიანია, რომელსაც აქვს მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც გაწყობთ თქვენ?
ხოლო თუ ეს შესანიშნავი გრძნობა 25–29 წლის ასაკში გეწვიათ, მაშინ ეს საკუთარი თავის სიყვარულის სხვა სახეობაა, მაგრამ უკვე უფრო ობიექტურ თვითშეფასებაზეა დაფუძნებული. ანუ ამ ასაკში მამაკაცის მიმართ გარეგნული უნდობლობის მიუხედავად ქალი შინაგანად რჩება ადამიანად, რომალსაც სწამს წმინდა და სუფთა სიყვარული. უბრალოდ, მამაკაცების გარდა იგი საკუთარი თავის შემჩნევასაც იწყებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იტანჯება კაცი, რადგან პირველ რიგში თქვენ საკუთარ თავზე ხართ ჩაციკლული, საკუთარ ცხოვრებაზე და განცდებზე და არა ადამიანზე, რომელიც გიყვართ.
30 წლის შემდეგ, პირიქით, იკლებს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ქალს ეჩვენება, რომ მას უკვე აღარავინ შეიყვარებს და რომ მან თავის დროზე გაუშვა ეს შანსი. აღმოცენდება უნდობლობა და ეჭვები უცებ გამოჩენილი მამაკაცის მიმართ: თუ იგი ამ ასაკში ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა – ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ არის(ან ჯანმრთელობის მხრივ, ან ხასიათის გამო). ხოლო თუ განქორწინებულია – კარგი ვინმეც ყოფილა, თუ ცოლმა ვერ გაუძლო. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ გიყვართ, თქვენი აზრით ეს მნიშვნელოვანი არგუმენტები გადაწონის ხოლმე.
ხოლო ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო – ორმოცი წლის ქალმა შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა. გიყვართ უკვე არა გარეგნობისათვის, არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის – საერთოდ არაფრისათვის, უბრალოდ გიყვართ და ამას ყოველი უჯრედით გრძნობთ. თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ. იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. კომპლექსები უკვე ნაკლებად გაწუხებთ, არ გაქვთ მარტო დარჩენის პანიკური შიში.
როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და რომელი სიყვარული გეწვევათ ზემოთ ჩამოთვლიდან. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ.

ucnauri.com :P

სიყვარულის წარსული ხედვები მომავლიდან…


“სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს. იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს”…..
ეს სიტყვები მათ, რომელთაც სიყვარულის არსებობის არ სჯერათ და მოითხოვენ, დაგვიმტკიცეთ რომ არსებობს და დავიჯერებთო…
წარსული —-შენს გონებაში ფეთქებული ემოციის ქალაქის ნანგრევი
აწმყოს დაუნდობელი, უხეში ხელით გაჩეხილი , ემოციების ველური ყვავილების ბაღი
წარსული, მომავლისგან დაშინებული, დევნილი სუბსტანცია.
წარსული სადაც შეიკრა ყველა რგოლი .
წარსული-სადაც ბუნდოვანი და ტლანქი ასეა შერწყმული ფაქიზთან და კონკრეტულთან .
წარსული—-ორმო რომელიც ამოავსე სხვა ორმოდან ამოღებული მიწით!…
წარსული რომელიც აღარ არის და მაინც აქაა, გვერდზე, გამოუცნობი და ნოსტალგიური შეგრძნებებით დახუნძლული—საშინელი ძალით გექაჩება და თავის თავში აერთიანებს ყველა ჩახვეულ გორგალს მოგონებების მიერ შეკერილი მოსასხამისა, კიდევ რომ იქსოვება და დროდადრო ამოწმებს კვანძებს და არშიებს, ფერებს, ნახატებს, ყველა გეომეტრიულ ზომას, ფიზიკურ ფორმებს, მერე ისევ აგრძელებს უხილავი ხელებით ამ მარტივ მოძრაობებს—-დიახ, მარტივს,( რადგან თავად სამყარო მარტივი საგნებისგან შედგება)… მხოლოდ ჩვენი გონება ართულებს, ამძაფრებს ყველაფერს, და რომ შეიძლებოდეს შეუძახო წარსულს, ბავშვობას, რომელიც ასე შორსაა და მაინც ჩვენი გონების ჩარჩოებშია ჩაკეტილი, რომ შეიძლებოდეს შიგნიდან გახსნა, გამოხრა კიდევ ერთხელ, როგორც ძვალი, ის აღარ მოგვეჩვენება ასე გემრიელი, რადგან გონება ეწინააღმდეგება ეს დაუშვას, თითქოს თავად ჩვენს არსებაშია ჩაწერილი წარსულის შეუქცევადობა და მუდმივი ლტოლვა კიდევ ერთხელ დაინახოს შეიგრძნოს ის დახვეწილი არომატები განშორებული ბავშვობის მიუწვდომელი მშვენიერებისა…
აწმყო კი მეფობს, მეფობს და ახალ შეგრძნებებს აშრევებს გონებაში, ახალ სახეებს .ხმებს… წარსული უკან და უკან გადადის, თმობს პოზიციებს, მაგრამ მაინც აქაა, სადღაც გვერდზე, ის ჩნდება მაინც, როცა რაღაც ერთი დეტალი, მსგავსი, იქნება ეს სხვა ბავშვის ხილვა თუ იმ ადგილების მონახულება, რომლებმაც შეინახეს ის წარსულის რხევები, ვიბრაციები, მუხტი…. ისევ გამოიტყორცნება მეხსიერების სარკოფაგიდან, წამიერედ დომინირებს კიდეც აწმყოზე, მაგრამ მერე ისევ უკან ბრუნდება, როგორც საცეცწაკვეთილი მწერი იხევს უკან, ისევ ნაჭუჭში იკეტება თავისი პერსონაჟებით, შეგრძნებებით, სილუეტებით და პროეცირდება უკვე როგორც სევდა, მიუწვდომელისა და დაკარგულისა
მაგრამ რატომ დაკარგულისა ?.. ის ხომ აქაა ისევ, არსად არ წასულა თუ დავიძაბებით, ისევ შეგვიძლია გამოვიძახოთ ეს ყველაფერი, ისევ წინა პლანზე დავაყენოთ, სცენაზე, ახლოს, პირველ რიგში დავჯდეთ, ფეხი ფეხზე გადავიდოთ და დავტკბეთ როგორ მოძრაობს , ცახცახებს წარსულის ეს თითქოს შავ-თეთრი კადრები, გაქვავებულნი ყოყმანში…
შემდეგ ეს ყველაფერი მთავრდება, ორაზროვანი აღნიშვნები და მეტაფორები, რჩება ისევ აწმყო, რომელიც ფეთქავს, ისევ ქსოვს წარსულს, ზოგ რამეს სიზმრებისთვის ინახავს რომ მერე გაგვაწვალოს, ან გაგვახაროს, ანდა გაგვაკვირვოს მოულოდნელი სიუჟეტებით… ხანდახან შეუთავსებლის ხილვითაც.
მომავალი ემზადება, მოცოცავს და ჩვენ მისი არ გვეშინია, რადგან აწმყო—ეს შუამავალი,– ჩურჩულით გვამცნობს, დაახლოებით როგორია ის, ის უხილავი აუცილებლად რომ დადგება. და მასში ისევ და ისევ წარსულის ნაწილია ჩაბუდებული….
თუ დავაკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ სიყვარულსაც თავისი წესები, თავისი კოდექსი აქვს, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადსხვანაირია. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის განსხვავება??
მაგალითისთვის: არსებობს ვიქტორ ჰიუგოს მიერ საცოლისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიაც მწერალი სასტიკად საყვედურობს ყმაწვილ ქალს, იმის გამო, რომ მან ქუჩაში კაბის კალთა კოჭებამდე აიწია, არ დამეთხვაროსო. ჰიუგო თურმე ისე განრისხებულა, რომ ლამის თავი მოიკლა. იგი მზად იყო საიქიოში გაესტუმრებინა ყველა, ვინც მისი საცოლისთეთრი წინდა შემთხვევით დალანდა….
…დღეს ამგვარი ეჭვიანობა სხეულზე, რომელსაც არხეინად უცქერენ პლაჟებზე, ცოტა სასაცილოდაც კი მოჩანს. უფრო მეტიც, შეიძლება დღეს ისეთი ფილმები ნახოთ ან ისეთი რომანები წაიკითხოთ სადაც, გმირები ცინიკურად საუბრობენ თავიანთი მიჯნურის გატაცებაზე. თუმცა ბოლოს მაინც პირდაპირ ან ირიბად უწევთ ხოლმე სინანულით იმის აღიარება, რაოდენ მომხიბვლელი იყო ერთგულება, სინაზე და თვით ეჭვიანობით გამოწვეული ტანჯვა-წამებაც კი…

როგორი მდგომარეობა ამ მხრივ ჩვენში?
ჩვენ ძალიან განსხვავებული და შესაძლოა არასწორი შეხედულებები გვაქ სიყვარულზე და გადაწყვეტილებებს ნაადრევად ვიღებთ,ალბათ სწორედ იქმნება ამდენი ახალგაზრდა ოჯახი და ხშირ შემთხვევაში მალევე ინგრევა…
ასე თუ ისე, ამ პერიოდს ვერავინ გაექცევა და ძალაუნებურად ყველა მოექცევა მისი ზეგავლენის ქვეშ..ხოლო როგორ გადაიტანს და გაუმკლავდება მას ეს თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდებული…
ნებისმიერი ჩვენთაგანი კი ქალად ან მამაკაცად იბადება ამ ქვეყანაზე და არ არსებობს ამ დასაზღვრული სივრციდან თავის დაღწევის საშუალება. მაგრამ ასევე არ არსებობს უფრო წინააღმდეგობრივი რამ, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა. ალბათ არც ერთი სხვა ტიპის ურთიერთობა არ არის ამ ხარისხით ერთდროულად ტკბილიცა და მწარეც, სასიამოვნოცა და უსიამოვნოც, იოლიცა და ძნელიც, სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე იწერებოდა დასაბამიდან და იწერება დღესაც. იწერებოდა ძალზე ღრმაცა და ძალზე მსუბუქიც, ტრაგიკულიცა და გასართობიც, მშვენიერიცა და შემაძრწუნებელიც…
მოკლედ სიყვარულის თემა ამოუწურავია. ამ ფენომენის საკუთარ ინტერპრეტაციებს დღემდე გვთავაზობენ მწრლები და ფილოსოფოსები, მხატვრები და კულტუტოლოგები. რაც მთავარია, თვითონ ჩვენც, ჩვენი ცხოვრებით მაინც გვიწევს ამ თემასთან შეხება, რაკი ნებისმიერი ჩვენგანი ან ქალია, ანდა მამაკაცი და ნებით თუ უნებლიეთ ვემორჩილებით ამ უმნიშვნელოვანესი ურთიერთობის კანონზომიერებებს….

ucnauri.com : ))

ქართვლის მნათობო!


უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს
ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.
ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.
იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამ
წყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.
უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.
მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;
ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;
ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.
სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.
შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...
წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.
ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,
ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით.
ნუგზარ ჩიკვაიძე

"იდიოტი" – დოსტოევსკი

"კანონიერი სიკვდილით დასჯა უფრო საშინელია,ვინემ ყაჩაღურად კაცის მოკვლა"
"სილამაზის განსჯა ძნელია,სილამაზე გამოცანაა"
"სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა,ისეთივე საცოდავია,როგორც ჭკვიანი,მაგრამ უგულო სულელი"
"ზოგიერთი ქალი მხოლოდ საყვარლად ვარგა,სხვა არაფრად"
"სწორედ იმითაა ფული საზიზღარი და საძულველი,რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანებს"
"როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით,ისევე ღმერთს უხარია,როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს ნახავს სულით და გულით ლოცვად დამდგარს"
"სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს"
"ყველაზე მოურჯულებელმა,მოუნანიებელმა მკვლელმაც კი იცის რომ ის დამნაშავეა,ანუ გულში თვლის,რომ ცუდად მოიქცა,თუმცა არ ნანობს მას"
"ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია,თუმცა თავისი გარდაუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია,ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც"
"არარაობისა და უძლურების შეგნების სიმწარესაც აქვს თავისი ზღვარი,რასაც ადამიანი ვერ გადააბიჯებს,და რაშიც ბოლოს უდიდეს ნეტარებას პოულობს"
"ძნელია პასუხი აგო იმაზე,რისი გაგების ნიჭიც ადამიანისთვის არ მოუციათ"
"პროტესტი ზოგჯერ პატარა საქმე როდია"
"მარტო სიმართლეს უყურებთ,მაშასადამე უსამართლოდ სჯით"
"გულისხმიერებასა და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი"
"იმდენად ვუყვარვარ არ შეიძლება სიძულვილი არ აღძროდა ჩემი"
"სინამდვილე ადამიანთა ტიპიურობას თითქოს და წყლით აზავებს"
"ორდინალური ადამიანები წარმოადგენენ ცხოვრების ორომტრიალში აუცილებელ რგოლს"
"მართლაც იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია,როცა ვთქვათ მდიდარიცა ხარ,კარგი გვარიშვილიც,გვარიანი შეხედულებისაც,არც განათლება გაკლია არც ჭკუა,არცთუ კეთილი გული და ამავე დროს ნიჭიც არაფრისა გცხია,არაფრით გამოირჩევი,უხიაკსაც არავინ გიწოდებს,საკუთარი აზრი არ გაგაჩნია ,ერთი სიტყვით ხარ ის რაც "ყველა",სიმდიდრეცა გაქვს მაგრამ არა როტშილდისა,კარგი გვარი მაგრამ არა გამოჩენილი,შეხედულება გვარიანი მაგრამ  დიდი არაფრის გამომხატველი,განათლება მშვენიერი,მაგრამ არ იცი რაში გამოიყენო,ჭკუა მოუცია ღმერთს,მაგრამ საკუთარი აზრები არა,გული გაქვს მაგრამ დიდსულოვნება არა და ა.შ და ა.შ,ყოველი მხრივ ასეთი ადამიანები ბლომადაა ამ ქვეყნად,იმაზე ემტი ვინემ გვგონია,როგორც ყველა ისინიც ორ თანრიგად იყოფიან,ერთი საშუალო ჭკუისანი არიან,მეორენი უფრო ჭკვიანნი.პირველები უფრო ბედნიერებიო გახლავან.საშუალო ჭკუის ჩვეულებრივი ადამიენებისთვის ,მაგალითად იმაზე იოლი არაფერია თავი არაჩვეულებრივ,ორიგინალურ კაცად წარმოადგინოს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბეს ამითი...."
"ორიგინალურობის სურვილი ზოგ პატიოსან კაცს თაღლითობასაც კი ჩაადენინებს"
"ადამიანთა მოქმედების მიზეზი ჩვეულებრივ ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია,ვიდრე ჩვენ მუდამ ვხსნით ხოლმე ბოლოს,და იშვიათად შეიძლება მათი გარკვევით მოხაზვა"
"რაც არ უნდა გენიალური,ახალი ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში,მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ,რასაც სხვა ადამიანევს ვერასგზით გადასცემ,თუნდაც მთელი ტომები დაწერო,მუდმა არის რაღაც ისეთი,რაც არაფრის  დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება–ისე წახვალ ამ ქვეყნიდან,რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ"

Saturday, July 23, 2011

ჯეკ ლონდონი – დიდი სახლის პატარა დიასახლისი


"გამოჩენილი ამერიკელი მწერლის ჯეკ ლონდონის ნაწარმოებებში დიდი მხატვრული სიძლიერითა და სიმართლით არის დახატული XX საუკუნის ბურჟუაზიის ანტიჰუმანური, მტაცებლური ბუნება.
ამერიკულ ლიტერატურაში ჯეკ ლონდონმა პი9რველმა ასახა მშრომელთა ფართო მასების რევოლუციური სულისკვეთება. მიდი საუკეთესო ქმნილებები (“რკინის ქუსლი”, “მარტინ იდენი”) ააშკარავებენ ბურჟუაზიული საზოგადოების მთელ მანკიერებას. ლონდონი დაუზოგავად ილაშქრებს სიცრუის, სიხარბის, პასიურობის, გულგრილობის წინააღმდეგ. ხოტბას ასხამს ადამიანის შეუპოვრობას, მის მებრძოლ სულს.  რასაკვირველია, ლონდონის ყველა ნაწარმოები თანაბარი სიძლიერითა და სიმართლით როდია დაწერილი.
რაც შეეხება რომანს “დიდი სახლის პატარა დიასახლისს”, ჯეკ ლონდონმა (ჯონ გრიფიტ ჩეინმა) ეს ნაწარმოები 1915 წელს გამოაქვეყნა. ამ პერიოდის  ნაწარმოებებში უკვე ვეღარ ვხედავთ ლონდონის ადრინდელ დაინტერესებებს მშრომელი, დაბეჩავებული ადამიანების ბედით.
რომანში აღწერილია მდიდარი სააქმოსნის, დიკ ფორესტის ცხოვრება.
ფორესტმა მამისეულ მილიონებს საკუთარი მოხერხებით კიდევ უფრო ბევრი ფული მიამატა და მაინც ტრაგიკულად დამთავრდა დიკისა და მისი მეუღლის – ცხოვრებით გალაღებული პაოლა დესტენის ბედნიერება…"


p.s ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი რომანია....რამდენი ვიტირე....თუმცა არაფერი არ ამომიწერია...მხოლოდ რამდენიმე წინადადება,რომელთაც მთლიანად ვეთანხმებოდი...
"სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს"
"სიყვარულის სიხარული მის აბსოლუტურობაშია"
"სიყვარულში ანგარიშიანობა,მოთხოვნა და ვალი წარმოუდგენელია,სიყვარული ვედრებითა და თხოვნით სასაცილოა"