Wednesday, December 15, 2010

წმინდა მამათა გამონათქვამები


მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური
უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც  არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი
როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი
ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)
გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც გამოეყოფა ეკლესიას... ის თვითონ სჯის თავის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი
სადაც ეკლესიაა, იქ არის სული წმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი
ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი
ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე
გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი
მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი
მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი
როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური
როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

როგორ ვანუგეშოთ მგლოვარენი? – მათთან ერთად ვიტიროთ.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
წმ. ეფრემ ასური

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.
თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.
ღირსი მამა პიმენი

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.
ღირსი მოსე

და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს...
მღვდელმთავარი ფილარეტი
სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

თუ ნახე შენ კაცი, რომელიც არავისთან არ თათბირობს ან არ ასრულებს რჩევებს, მაშინ ელოდე, რომ ის მცირე ხანში ხიბლში ჩავარდება.
ღირსი იოსებ ათონელი, +1959

ჯოჯოხეთი გადატენილია ამპარტავანი ქალწულებით, ღმერთს მდაბალი ადამიანი სჭირდება.
ღირსი ტიხონ ათონელი, +1968

ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად სცდება.
ღირსი ათანასე გრიგორიატელი, +1951
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი

საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

No comments:

Post a Comment