Sunday, May 30, 2010

ბლეზ პასკალი


  • წარმოსახვას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია.
  • თუ ჩვენ ჩვენივე ფიქრებს დავუკვირდებით, მიხვდებით, რომ იგი წარსულიდან და მომავლიდანაა აღებული.
  • კანონი, რომელიც ხალხს რაღაც ზედმეტს აძალებს, იგი უსუსურია.
  • სიყვარულს რაღაც ამოუცნობი მიზნები ამოძრავებს.
  • შენ ყოველთვის იმას აღიარებს რაც არ გესმის.
  • შენ არ გიყვარს პერსონა, შენ გიყვარს პერსონის თვისებები.
  • მხოლოდ სირცხვილი არაფერია.
  • “პიროვნება” საზიზღარია.
  • ხალხს ძულს რელიგია, მაგრამ ეშინიათ იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სიმართლეც იყოს.
  • ჩვენ მხოლოდ ბრძოლა გვანიჭებს სიამოვნებას და არა გამარჯვება.
  • არც ერთი ადამიანი არ დაეხმარებოდა მის მეგობარს, რომ ცოდნოდა თუ რას ლაპარაკობს იგი მის ზურგს უკან.
  • ეშმაკი უსაზღვროა.
  • მჭერმეტყველება ფიქრების ერთგვარი ფერწერით გამოსახვაა.
  • თუ ფილოსოფიისთვის დრო არ გჩება, მაშინ ნამდვილი ფილოსოფოსი ხარ.
  • ორი რამ აკონტროლებს ადამიანის ბუნებას: ინსტიქტი და გამოცდილება.
  • ამაოება არსებობს, მაგრამ ზედაპირულად.
  • როდესაც ჩვენ ვხედავთ რაიმე გასაოცარ ბუნებრივ სტილს, ჩვენ ვრჩებით მოხიბლულები და გაოცებულები. ამის შემდეგ გვინდება გავიგოთ ვინ არის ამ გენიოსობის ავტორი და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ის პერსონაა.

Saturday, May 22, 2010

მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარია ადამაშვილი) დაიბადა 1880 წლის 8/20 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფ. წერაქვში.
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 წელს გაზეთ„ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეს მოთხრობა ხელმოწერილია არა ჯავახიშვილის, არამედ ადამაშვილის გვარით. ადამაშვილი მიხეილს ფსევდონიმად არ აუღია, იგი ახალგაზრდობაში ადამაშვილის გვარზე იწერებოდა, ისე, როგორც მისი მამა. თუმცა არც ჯავახიშვილია ფსევდონიმი. თვით მ. ჯავახიშვილი ამ საქმეს ასე განმარტავს: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.
ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903-1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები (“ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.
მიხეილ ჯავახიშვილმა შექმნა რომანები: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“, „არსენა მარაბდელი“, „ქალის ტვირთი“, „თეთრი საყელო“, მოთხრობები: „ლამბალო და ყაშა“, „მართალი აბდულაჰ“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“ და სხვ.
ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, − ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. შემდეგ კი დახვრიტეს. იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.უკან დაბრუნება

Thursday, May 20, 2010

ვაჟა-ფშაველა


ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)
ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“
ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო.
ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.
ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. ასე გვამცნობს ვაჟა მამის – პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას: „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.
სწორედ პავლე რაზიკაშვილმა, პირშიმთქმელმა, სიზარმაცის მოძულემ და ვაჟკაცობის ტრფიალმა, შორეულმა ჩამომავალმა „გარუსების მოწინააღმდეგე“ სახელგანთქმული მონადირის ბოიგარისა, ჩაუნერგა პატარა ლუკას წიგნის სიყვარული. პავლე უამბობდა შვილებს დავით აღმაშენებელზე, ნაპოლეონსა და გამბეტაზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს”, მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავს, ვიქტორ ჰიუგოსა და ჟორჟ სანდის ნაწარმოებთა პერსონაჟებს; რასაკვირველია, სახელოვანი თანამედროვეების – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მღვდელი პავლე რაზიკაშვილისათვის მით უფრო ძნელი არ იყო ჩაენერგა შვილებისათვის სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. „ჩაუჯდებოდა ხორცს საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც ჩავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს. მუდამ მიამბობდა მოთხრობებეს ძველი საღმრთო ისტორიიდან”, – გვიყვება ვაჟა.
დედა, – ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობდა დედას: “მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა… სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია… წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე”…
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. აქედან დაიწყო მომავალი პოეტის სულიერი ტანჯვა. მდიდარ სულიერ საზრდოს ნაჩვევი ბავშვისათვის გონების ბორკილად იქცა სწავლის უვარგისი სისტემა.
მშობლები მაშინდელ სკოლაში შვილებს, ვაჟას თქმით, „განსაკაცებლად აბარებდნენ და არა გასამხეცებლად”, მაგრამ აბა, რა სიკეთე შეიძლება მოემკო ადამიანს იმნაირი სწავლისაგან, როცა ბავშვი საკუთარ მეობას, თავის ეროვნებას და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თვით ლუკა რაზიკაშვილიც კი, რომელიც მშვენიერი სულიერი საგზლით მივიდა სკოლაში, ლამის გადაგვარდა. „მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი”-ო, – მწარედ შენიშნავს „ჩემს წუთისოფელში” ვაჟა. გასაკვირი არაა, როცა ამნაირ სკოლას ვაჟა „საპყრობილეს” უწოდებს იმიტომაც, რომ „ვერ აკმაყოფილებდა” და „ნოყიერ საზრდოს ვერ აწვდიდა” მის სულს. მკვირცხლი გონების ლუკა რაზიკაშვილი ამ სულის შემხუთავი ატმოსფეროდან გამოსავალს ეძებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ თავისი ცნობისწადილი დაეკმაყოფილებინა და ამით სულიერი შვება ეგრძნო, „იძულებული ვიყავი მიმემართა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყავდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისიც არაფერი გამეგებოდა,უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე საბუნებისმეტყველო, ან საისტორიო წიგნს: ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა”, – წერს ვაჟა მისი ცხოვრების ამ მონაკვეთის შესახებ.
ნიჭი და მოზღვავებული ყმაწვილური ენერგია გამოსავალს ეძებდა და როცა პატარა ლუკა საღი გონებრივი ვარჯიშისათვის შესაფერის ასპარეზს ვერ პოულობდა, ფიზიკური ვარჯიშისაკენ მიისწრაფოდა, ლუკას მოუთოკავი სულიერი ენერგია ფიზიკურ ძალად გადაიქცა სპორტში, კრივსა და ჭიდაობაში ლამობდა სურვილების დაკმაყოფილებას. და არაჩვეულებრივად გამორჩეული მხატვრული მონაცემების ბავშვი რომ არ ყოფილიყო ლუკა რაზიკაშვილი, რომ შემდეგ სულიერად და ზნეობრივად უკეთეს პირობებში არ მოსწეოდა მას ცხოვრება, შეიძლება ეს დიდი მონაცემები ჩამკვდარიყო და აღარც ჩვენს კულტურას შეჰმატებოდა მისი მშვენება ვაჟა-ფშაველას სახით. საბედნიეროდ, ნიჭთან ერთან ბევრი გამორჩეული თვისება და მათ შორის მტკიცე ნებისყოფაზე დამყარებული პიროვნული ძლიერების შეგრძნების განსაკუთრებული უნარიც იყო ის ფაქტორი, რამაც შესაძლებელი გახადა ამ დიდი ნიჭის გადარჩენა.
თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და 1877 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.
1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.
ლუკა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” სტიპენდიანტი იყო. ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად უკვე მოწიფულ პოეტს საინტერესო წერილიც აქვს დაბეჭდილი („ერთი კვირა ხევსურეთში” 1892 წ.), თუმცა დედაენის სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს კიდეც მას. გორშიც უჭირდა ვაჟას „კაზიონური” რეჟიმისადმი შეგუება, მაგრამ მაშინდელ სემინარიაშიც იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები, რომლებიც ვაჟას მფარველობდნენ. ცნობილი მოღვაწე მიშო ყიფიანი და სემინარიის დირექტორი სემიონოვი განსაკუთრებით აფასებდნენ მომავალი პოეტის ნიჭს; ამ პერიოდში ვაჟა პოეტურად მომწიფების ფაზაშია. საზოგადო მოღვაწეობისაკენ ერჩის გული. უკვე აშკარად შეინიშნება, რომ გამოკვეთა თავისი საქმიანობის ნამდვილი არსი, – საზოგადო მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება მისი არსებობის სასიცოცხლო ფორმად იქცა. ვაჟას თანაკლასელები გვიამბობენ, რომ თავდაპირველად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მომავალი პოეტი პოლიტიკით იყო გატაცებული. შემდეგ, გონებრივი და მხატვრული ინტერესების მომწიფება-გაღრმავების კვალობაზედ, ინტერესი პოლიტიკისადმი თითქოს დაეკარგა, ან იგი უკანა პლანზე გადაიწია და მისი ადგილი ლიტერატურამ დაიკავა. ვაჟა უკვე სწავლასაც უმატებს, მოწინავე მოსწავლეა. სემინარიელთა ხელნაწერ ჟურნალ „რიჟრაჟის” აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვაჟას ლექსებს, მთელ მის საქმიანობას თვალს ადევნებენ ცნობილი მოღვაწეები და მწერლები: ანტონ ფურცელაძე, სერგეი მესხი და სოფრომ მგალობლიშვილი. ისინი აქებენ და ლიტერატურული შრომისათვის აქეზებენ. ყოველივე ეს ვაჟას შემოქმედებითი ნაყოფიერების სტიმულადაც იქცევა: თარგმნის რუს მწერალთა ნაწარმოებებს, კითხულობს რეფერატებს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნ. ბარათაშვილის, ა. კოლცოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. დავითაშვილის შესახებ. ბეჭდავს კორესპოდენციებს და ლექსებს გაზეთ „დროებასა” და ჟურნალ „იმედში” …
სემინარია 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. 1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ. ტოლათსოფელში.
1883 წლის აგვისტოში, 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”.
თუმცა ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა: მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში “ვაჟა” “კარგ ბიჭს”, “ვაჟკაცს” ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილი კი სწორედ ასეთი ყოფილა. მაგალითად, პეტერბურგში ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული სულ გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს…
გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: “მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი. მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხასიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა”…
1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით, „სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება. მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო სასუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს აკისრებინა კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა. 1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში. ეს ხანა არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით გამოირჩევა ვაჟას შემოქმედებაში.
1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.
რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისათვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისათვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა…
1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…
ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა. „სხვაგან რბის მისი გონება” _ პოეტური ცხოვრებაა მისი არსებობის ფორმა და არა გლეხკაცური ჭიდილი მთის მწირ მიწასთან.
ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
კიდევ მრავალი ნაამბობი და მოგონებაა მოღწეული ჩვენამდე ვაჟას შეჭირვების შესახებ, მაგრამ პოეტის ამდროინდელ ფიზიკურ სახეს და სულიერ განწყობილებას ყველაზე უფრო შთამბეჭდავად 1896 წელს გამოქვეყნებული მისი „სიმღერა” (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) გვამცნობს:
„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა…
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა…
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც ამას ვდუდუნებ,
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არც როს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ,
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ,
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ”…
თვითონ ვაჟა მართლაც არის ამ სტრიქონებში გატარებული პრინციპების დამცველი, მაგრამ მის მიმართ კი ადამიანები იცავენ ტაქტს, იჩენენ სიფაქიზეს? ვაჟას გამუდმებული დავა რედაქციებთან გამომცემლობებთან ხომ პოეტისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მოწმობს მხოლოდ.
ვაჟა მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულა. 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. “მეხუთე შვილზე უმტყუნა”. კეკე თანამედროვე დახასიათებით “მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი” ყოფილა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:
იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო.
გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: “მამა ყვარელში იყო წასული, იქ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქ ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავს მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია. შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ფანდურსა და თან დამღერის: ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო, – თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ, თორო ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს – დედასა”.
1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ცოლ-შვილი არჩინოს: ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) დავა აქვს და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს.
ვაჟა „თავისუფლების მგოსანს” უწოდებდა თავს და, ბუნებრივია, რომ მას სიტყვით და საქმით სიმპათია და თანადგომა გამოეხატა 1905 წლის რევოლუციისადმი. ამ მოძრაობისაგან ბევრ სასიკეთოს რამეს ელოდა ჩვენი ინტელიგენცია და მათ შორის ვაჟასც.
პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არ იყო დაბადებული, მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, მით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფის წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე.
ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა.
„ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი”, – გვიამბობს პოეტის მეუღლე. ეტყობა, დიდი პოეტის ცხოვრებისა და მისი მისიის შესახებ ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა თავისთავად კეთილშობილსა და ოჯახზე მზრუნველ მეუღლესა და დედას, როცა გულწრფელად მოგვითხრობს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა, გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.
ცნობილი ექიმისა და მოღვაწის პროფესორ მიხეილ(ქაიხოსრო) ზანდუკელის გადმოცემით, „ვაჟა თბილისში იშვიათად ჩaმოდიოდა. შევეკითხე, თუ რატომ ხშირად არ ჩამოდის; ქალაქში ჩასვლას ბევრი რამ უნდა! უნდა ჩaიცვა, დაიხურო და სამაგისო ქონება არ მაქვსო. ღარიბი იყო ვაჟა, მაგრამ სიღარიბეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეტად ამაყი იყო. ერთხელ მოვიდა ჩემთან არანისში, ძალიან მოეწონა ჩემი კულტურული ცხოვრება, როიალი მედგა შინ, – აი, აქ შეიძლება მუშაობაო. მე ვიგრძენი, რომ ვაჟას სიღარიბე ძალიან მძიმედ აწვა”. ერთი შეხედვით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად შრომობს ჯანმაგარი პოეტი, რედაქციები და დროდადრო გამომცემლობები ჰონორარსაც უხდიან, მაგრამ ბევრს აწვალებენ…
და მაინც… როცა კი თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს თურმე ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა ხოლმე და პირველად ილია ჭავჭავაძესთან შეივლიდა – ხურჯინის “დასაბერტყად”.
მწერლის თანამედროვე კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, “ხომლელის” ფსევდონიმით ცნობილი რომანოზ ფანცხავა იხსენებს: “როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი “ივერია” ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავდით ამ გაზეთში მომუშავეს… ილია ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან… ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის.
პირველად სტრიქონში სამ-სამ კაპიკს აძლევდა, შემდეგ ჰონორარი გადიდებულ იქნა და ლექსებში შაური ეძლეოდა. ბოლოს ეგ ჰონორარი თვიურ ჯამაგირად გაუხადა და თვეში ოცდახუთი მანეთი დაუნიშნა. თუ არ ვცდები, ვაჟა-ფშაველა იყო ერთადერთი მწერალი, რომელსაც ამ პირობებში ეძლეოდა ჯამაგირი. ახლა ადვილად წარმოიდგენთ, პატიოსანი, თავმოყვარე, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი თუ რატომ იყო გაუტეხელი, დაუზარებელი და თავდადებული ქართული მწერლობისთვის და ჩვენ ამას უნდა ვუმადლოდეთ ილიას, და მხოლოდ მარტო ილიას…”
დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ჯაფამ, ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ნიშანდობლივმა დიდი სულიერი მრელვარებით მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟას ჯანმრთელობა. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.
1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით: “ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა (რომელსაც დაესწრნენ: სპ. ვირსალაძე, ივ. გომართელი, გრ. რუხაძე, შ. მიქელაძე და ვლ. მახვილაძე) დაადგინა, რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში. პოეტი ნატრობს მთასა და მთის წყალს. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებენ.27 ივლისს დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ემუსაიფა ექიმ ვლ. მახვილაძეს და მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს. შუა დღის შემდეგ ცუდად გახდა. რომელი საათიაო? – უკითხავს. – სამიო, – უპასუხია მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს. ვაჟას უთხოვია: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, – იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო…
საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.
ჩვენმა სახელოვანმა მოქანდაკემ ნიღაბი აუღო პოეტს. ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი “წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…
ამ ქვეყნიდან წავიდა ვაჟა და ამიერიდან დაედო სათავე მარადიულობაში გადასულ სულიერ სიცოცხლეს. რასაკვირველია, მიღებულ იქნა ღონისძიება, რომ ვაჟა დაესაფლავებინათ ღირსეულად. ქართველ ინტელიგენტთა ერთი ნაწილის დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, სანდრო შანშიაშვილის თქმით, „მაშინდელმა მესვეურებმა ღირსად არ სცნეს ვაჟა მთაწმინდაზე დაეკრძალათ“.
ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და “ცისფერყანწელებმა” 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.

Monday, May 17, 2010

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი)


  • ნამდვილი და მართლაც ძლიერი ძალა მხოლოდ გრძელი შაშხანიდან მოდის.
  • ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა. სიკვდილი მილიონობით ადამიანისა სტატისტიკა.
  • “ამონაბეჭდი” ყველაზე მძლავრი იარაღია ჩვენს პარტიაში.
  • საბჭოთა არმიის ჯარში უკან დახევას უფრო მეტი სითამამე და სიმამაცე სჭირდება ვიდრე წინ წასვლას.
  • მე არავის მჯერა, საკუთარი თავისაც კი.
  • ისტორია გვეუბნება, რომ დაუმარცხებელი ჯარი არ არსებობს.
  • გულწრფელი დიპლომატი სველ წყალსა და ხის მეტალს გავს.
  • სიკვდილი პრობლემების ადვილი გადაწყვეტაა. არ არსებობს კაცობრიობა – არ არსებობს პრობლემა.
  • მხიარულება ყველაზე უცხო ხილია საბჭოთა კავშირში.
  • ჩვენ არ ვთავრთ მათ ნებას, რომ ჰქონდეთ იდეები. რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ იარაღის ხელში ჭერის უფლება მივცეთ?
  • მე მრწამს მხოლოდ ერთის: ადამიანის ძალა მაინც თავისას იზამს.
  • ხალხი ვინც ხმას აძლევს არაფრის გადაწყვეტა არ ძალუძთ, ხალხი ვინც ხმებს ითვლის ყველაფერის გადაწყვეტა შეუძლიათ.
  • რევოლუციას აბრეშუმის ხელთათმანებით ვერ გააკეთებ.
  • მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია.

Thursday, May 6, 2010

ონორე დე ბალზაკი - ”მამა გორიო”

პარიზში ღამით ფხიზლად უნდა იყო, თუ გინდა იცოდე, რა ხდება შენს გარშემო.


ათ ღამეს რომ გადაწყვიტოს ახალგაზრდა კაცმა მუშაობა, აქედან შვიდ ღამეს უსათუოდ ძილი მოერევა. ღამის ტეხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ოცი წლის ასაკს გადააბიჯა.


 იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ.


- მე მირჩევნია პატარა უდარდელი ფრინველი ვიყო, ვიდრე მეფე.


განა შესაძლებელია, ცეკვით აღფრთოვანებული ქალის სიტყვით აღწერა!


მართალს ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქნებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი.


- გუშინ ბედნიერების მწვერვალზე, დიუკის მეუღლის სახლში, დღეს დილით კი ცხოვრების კიბის უმდაბლეს საფეხურზე, მევახშესთან; აი, ასეთები არიან პარიზელი ქალები. თუ მათ ქმრებს არ ძალუძთ მათი აღვირახსნილი ფუფუნების უზრუნველყოფა, ისინი თავისი თავით ვაჭრობენ. თუ თავისი თავის გაყიდვა არ ეხერხებათ, მშობელ დედას გაფატრავენ, ოღონდ კი რამე იპოვნონ, რითაც შეიძლება თავის მოწონება.


შინაბერამ თვალები დახარა, როგორც მონაზონმა შიშველი ქანდაკების წინაშე.


- ასეთ ადამიანს, თუ რაიმე აზრი აეკვიატა, ვეღარ გადააგდებინებ, მათ მხოლოდ ერთი გარკვეული წყაროს წყალი სწყურიათ, თუნდაც რომ აშმორებული იყოს და მის დასალევად ცოლ - შვილს გაჰყიდიან, სულს ეშმაკს მიჰყიდიან. ზოგისთვის ასეთი წყაროა აზარტული თამაში, ბირჟა, სურათების ან მწერების კოლექცია, მუსიკა; ზოგისთვის კი ქალია, რომელმაც იცის, როგორ დაატკბოს ის.


- მაშ ეს თქვენი პარიზი ბინძური ჭაობი ყოფილა? - თქვა ეჟენმა ზიზღით.
- დიახ და ძალიან უცნაური ჭაობიცაა, - განაგრძო ვოტრენმა, - ვინც შიგ საჭყუმპალაოდ ფეხით შედის, წესიერი ხალხია, ვინც საჭყუმპალაოდ ფეხით მიდის, თაღლითია.


”ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო”!


ქალი რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას კიდევ უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახეებისა.


ჩვენ არ ვაპატიებთ ხოლმე გრძნობას, როდესაც ის მთლიანად ამჟღავნებს თავს, ისევე როგორც არ ვაპატიებთ ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს.


თუ ჯალათი აღარ იქნებით, მსხვერპლად გადაიქცევით.


თუ ქალები აღიარებენ, რომ თქვენ ნიჭი და გონება გაქვთ, კაცებიც დაიჯერებენ, თუ რა თქმა უნდა თქვენ თვითონ არ შეაცვლევინებთ აზრს.


”ჩემო საყვარელო დედიკო, მესამე ძუძუ ხომ არ მოგეპოვებათ ჩემს გამოსაკვებად”?


ეჟენს თვალთაგან რამდენიმე ცრემლი წამოსცვივდა ოჯახის წმინდა საკურთხეველზე დაგდებული საკმევლის უკანასკნელი მარცვლებივით.


”ჩემსას მივაღწევ! ეს ბანქოს მოთამაშის ან დიდი მხედართმთავრის სიტყვებია, ფატალისტური სიტყვები, რომლებიც უფრო მეტად ხალხს ღუპავენ, ვიდრე შველიან”.


როგორც კი სტუდენტის ჯიბეში ფული დაიწყებს ჩხრიალს, მაშინვე მას გუნება გამოეცვლება და ისე ამაყად გრძნობს თავს, თითქოს ფანტასტიკური სიმაღლის სვეტზე შეუსკუპებიათო.


ადამიანი სრულყოფილი არ არის, იგი ხან მეტად, ხან ნაკლებად პირმოთნეა, სულელები კი გაიძახიან, რომ ერთი ზნეობითაა აღსავსე, ხოლო მეორე უზნეოა.


მე დიდი პოეტი ვარ, მაგრამ ლექსებს როდი ვწერ: ჩემი პოეზია მოქმედებასა და გრძნობებშია.


პრინციპები არ არსებობს, არამედ მხოლოდ მოვლენებია: კანონები არ არსებობს, მხოლოდ გარემოებებთან გვაქვს საქმე: რჩეული ადამიანი თვითონ ეგუება მოვლენებსა და გარემოებებს, რათა ჩაუდგეს მათ სათავეში და უხელმძღვანელოს; პრინციპები და კანონები ურყევი რომ იყოს, ხალხები არ გამოიცვლიდნენ მათ ისე, როგორც ჩვენ პერანგს ვიცვლით ხოლმე.


მე მხოლოდ იმ დღეს შემექმნება ურყევი რწმენა რისამე, როდესაც მოვნახავ სამ ადამიანს, რომლებიც შეთანხმებულად გამოიყენებენ ერთსა და იმავე პრინციპს, ხოლო ამ დღის ცდა დიდხანს მომიხდება.


პატიოსნება, ჩემო კარგო სტუდენტო, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა : იგი ან გაქვს, ან არა გაქვს.


”პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამეობრივობაა! ყველას სჯერა პატიოსნების არსებობა, მაგრამ ვინ არის პატიოსანი? ხალხებმა თავისუფლება გააღმერთეს, მაგრამ სად არის ამქვეყნად თავისუფალი ხალხი”?


- ფრანგს უყვარს საფრთხე, რადგან მასში დიდებას პულობს, ამბობდა შატობრიანი, - უპასუხა თავის დაკვრით რასტინიაკმა.


მე უფრო მიყვარს ჩემი ქალიშვილები, ვიდრე ღმერთს სამყარო, რადგან სამყარო არ არის ისეთივე მშვენიერი, როგორც ღმერთია, ხოლო ჩემი ქალიშვილები ჩემზე კარგები არიან.


- ავი აზრები მაწვალებენ.
- როგორი აზრებია? აზრების წამალიც არსებობს.
- რა წამალია?
- მათი განხორციელება.


ჩვენი ბედნიერება, ჩემო კარგო, თავსდება ჩვენი ფეხისგულებისა და კეფის შუა და რადაც არ უნდა ღირდეს იგი - ერთ მილიონად თუ ას ლუიდორად წელიწადში, ჩვენ მიერ მისი შინაგანი აღქმა ყოველთვის ერთნაირი იქნება.


ოქროს ჯაჭვი ყველაზე მძიმე ჯაჭვია.


ფული არაფერია მანამ, სანამ გრძნობა არ გამქარალა.


ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.


მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.


ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიად აიღონ, იქ კი სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ.


როგორც არსებობს დისციპლინა არმიაში, ისევე ბიუროებში პასიური მორჩილებაა დამყარებული. ეს სისტემა აჩლუნგებს სინდისს, აცარიელებს ადამიანს და საბოლოოდ, დროის განმავლობაში, სახელმწიფო მმართველობის მანქანის რომელიღაც ხრახნად, ან ქანჩად აქცევს.


პირიდან სიტყვები ისე მოედინებოდა, როგორც წყლის წვეთები ცუდად დაკეტილი ონკანიდან.


ვიქტორინე გაქრა და თან წარიტანა იმდენივე ბედნიერება, რამდენი უბედურებაც აქამდე ჰქონდა გამოვლილი ცხოვრებაში.


- ის დაღი, რომელსაც ჩვენ მხარზე ვატარებთ, თქვენ, განგრენით დაავადებული საზოგადოების მოდუნებულ წევრებს, გულზე გაქვთ დაჭდეული: თქვენგან ყველაზე უკეთესმა მე ვერ გამიძლო.


- ჯაშუშები უსქესოები არიან!


მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოძრავებდეს.


უმეფეებოდ შეიძლება გაძლება, მაგრამ უჭამასმოდ არსებობა ხომ შეუძლებელია.


- ჩემო შვილებო! ეს არის თქვენი ცხოვრება? არა, ეს ჩემი სიკვდილია... 


უმაღლესი საზოგადოება, ტალახის ზღვაა, რომელშიაც კაცმა თუ ფეხი დაისველა, მერე კისრამდე ჩაეფლობა.


იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი.


უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ამქვეყნად.


სამშობლო დაიღუპება, მამები თუ ასე ფეხქვეშ გათელეს!