Sunday, July 25, 2010

გელა დაიაური

                                                                                                      
ფიქრი გადაგვარებაზე
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო, _ ჩემი დედა!..
ტრადიცებიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, _ შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან ის `რიო~
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო: _ `ბანძია~ …
                 კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,
      ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,
                     სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,
        გერები მივიღო საკუთრად.
         კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია!
           ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო,
                დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,
                  მაგრამ … ქართველობას რა ვუყო.

მახსოვს ის ცელქი ცქრიალი

მახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ოცნება და სიცილობა.
კოცნა დამქცევის სიცივის
ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებში ცეკვა ცელების.
კლდის ცქერით ზღვა გაოცება,
ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება,
სიმტკიცით შენაფიცარი.
ან ციყვის მომცრო ცაცებით,
ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცული ცაცხვები,
ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ან ჯერაც გასაციები,
ცვრიანი ხორცი აცმული,
მეცხრე ცას ასაცილები,
ცხელი კოცონის ტკაცუნი.
იმაზე ანცი ოცნება
რაც არ იცი და რაც იცი,
ცის-კარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა?

No comments:

Post a Comment